კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ფედერალურმა მოსამართლემ სასამართლო პროცესი გადადო
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ფედერალურმა მოსამართლემ სასამართლო პროცესის გადადება გადაწყვიტა.
უილიამ პოუპს, რომელსაც ბრალად ედება 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში მონაწილეობა, სასამართლო პროცესი მომავალი თვის დასაწყისში უნდა ჰქონოდა. თუმცა ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ მან მოსამართლეს სთხოვა პროცესის გადადება ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე. როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, მან გაითვალისწინა ტრამპის საარჩევნო დაპირება კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე პირების შეწყალების შესახებ.
მოსამართლე რუდოლფ კონტრერასმა, რომელიც ობამას მიერ არის დანიშნული, განაცხადა, რომ „რესურსების დაზოგვის“ მიზნით, მიზანშეწონილია პროცესის გადადება, რადგან ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება როგორც საზოგადოებას, ისე სასამართლოს, თუ ტრამპი მოგვიანებით პოუპს შეიწყალებს.
ჯერ უცნობია, ახალი სასამართლო პროცესი როდისთვის ჩაინიშნება. თარიღის შესარჩევად მხარეები დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბებიან.