ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა ორ წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. პირველი თორნიკე კაპანაძეა – 25 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ლიგაში “ტორპედოს” მაისურით 14 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კაპანაძე იყო თბილისის “დინამოსთან” გადამწყვეტ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი, რომელმაც გუნდს ოქროს მედლები მოუტანა. მეორე მოთამაშე გიორგი ქიმაძეა – წლევანდელ ჩემპიონობაში 25 წლის მცველმა ქუთაისელთა ასევე დიდი წვლილი შეიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ორივე მათგანს სეზონის დასრულებისთანავე “ტორპედოსთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ორივე დაელაპარაკა, პირობებზე შეთანხმდა და კაპანაძე და ქიმაძე “ტორპედოს” ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავენ – მათ გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით, 2018 წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.