კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებისთვის სოციალურ-პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდების, დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა” და ა(ა)იპ “დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თათია ხოჭოლავამ და „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ უფლებამოსილმა პირმა, ლალი ცერცვაძემ.
„მემორანდუმი ორიენტებულია ერთობლივი ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებისა თუ პროგრამების განხორციელებით რთული ქცევის არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე, მათ რესოციალიზაციას, თავისუფალი დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების ხელშეწყობაზე. ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეეწყობა ბენეფიციართა პიროვნული, პროფესიული, ინტელექტუალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებას. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოების ჩართულობა, რისთვისაც მზაობა, ცენტრმა „კომპასმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უკვე გამოხატა. ჩვენ ბენეფიციარებს, გარდა სოციალურ-პედაგოგიური სერვისების მიღებისა, თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების შესაძლებლობაც ექნებათ“, – განაცხადა თათია ხოჭოლავამ.
თანამშრომლობის მიზანია ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლო და სახელოვნებო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა, სოციალურ-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობით დანაშაულის პრევენცია. ეს სერვისები სოციალურ პედაგოგიურ ცენტრ „კომპასისგან“ მიეწოდებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ (სააგენტოს ბენეფიციარი განრიდებულები, პირობით მსჯავრდებულები, ყოფილი პატიმრები და 12-14 წლის კანონდამრღვევი მოზარდები), თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებ, რთული ქცევის 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს.
ცენტრ „კომპასის“ მომსახურება მოიცავს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებისა და ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა თერაპიული მეთოდების გამოყენებით მათ პიროვნულ განვითარებას. ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები გულისხმობს ბენეფიციარის ქცევითი დარღვევების შეფასებასა და მართვას, სასიცოცხლო და სახელოვნებო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვას, საჭიროებებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს, შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერას და სხვა.
ლალი ცერცვაძის განცხადებით, „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ არის ამერიკული ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდის“ ანალოგი საქართველოში. იგი 2011 წლიდან მუშაობს ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ახორციელებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტს.
ცენტრი სამი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მოემსახურება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადამისამართებულ მოზარდებს. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ასევე იმ რეფერალური ცენტრისთვის, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანების შემდეგ დაფუძნდება.