კანონს, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა ექვსი თვით გაუგრძელდება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას პანდემიის დროს გარკვეული ღონისძიებების გატარება შეუძლია, მოქმედების ვადა ექვსი თვით გაუხანგრძლივდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად აღნიშნული კანონი 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს.
„საქართველოს ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება. ამ გამოწვევას პრაქტიკულად ვერც ერთმა ქვეყანამ ზიანის გარეშე, ვერ გაართვა თავი. რომ არა საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობა, ზიანი საქართველოშიც გაცილებით დიდი იქნებოდა. მიუხედავად, ჩვენ მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება შედარებით პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს, რათა ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, დავეხმაროთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, რომ ზედმეტი სირთულეების გარეშე, დაიცვან მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კეთებაც მათ ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.
ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ამ ვადის გასვლის შემდეგ პროცესის მართვა გაჭირდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი, შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს აღნიშნული კანონის მოქმედების გახანგრძლივება მეტჯერ აღარ მოუწევს.
„იმედი გვაქვს, შემდგომში ამ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება აღარ მოგვიწევს, რადგან ექვსი თვე არის ის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ამავდროულად კი წერტილოვანი შეზღუდვებით დაინფიცირების შემთხვევების მინიმიზაციას შევძლებთ და შევაჩერებთ ვირუსის გავრცელების მზარდ ნეგატიურ ტენდენციას.
დასასრულს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო მოსახლეობის გვერდით დგას და ამ მძიმე ვითარებაში ყველაფერს აკეთებს, რათა პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებთან ერთად, ეკონომიკური რისკებიც მინიმუმამდე შეამციროს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწარაფად დაუბრუნდეს განვითარების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ხუნდაძემ.