კანონპროექტს, რომლის თანახმად, მოპედის სამართავად შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა იქნება საჭირო, პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს გულისხმობს.
პროექტის თანახმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.
„სესიაზე ჩვენ განვიხილავთ მოპედების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებას. იცით, რომ შემოგვაქვს წესი, რომლის მიხედვითაც მოპედებიც დარეგულირდება, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მართვის მოწმობები, რადგან ბევრი საშიში სიტუაცია არის ავტოსატრანსპორტო და ფეხით გადაადგილებულ ადამიანებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნება მიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ჩატარებული კვლევები და ამ კვლევების მიხედვით სამწუხაროდ არის ასეთი სტატისტიკა, რომ მოპედების მართვა არის რეგულაციების გარეშე. მაგალითად, 13, 14, 15 წლის ახალგაზრდას შეუძლია, რომ პირობითად შეიძინოს ეს მოპედი და ყოველგვარი რეგულაციების გარეშე დაჯდეს და გადაადგილდეს, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მთავრდება არასასურველი შედეგებით. ამიტომ მთავრობას აქვს ინიციატივა და ჩვენ დავეთანხმეთ, რომ რეგულაციებში მოექცეს მოპედების გადაადგილებაც და ის ადამიანებიც, ვინც მართავენ ამ სატრანსპორტო საშუალებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მოპედების მძღოლებს მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის პირველ მარტამდე ნებაყოფლობითი იქნება, ხოლო 2022 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო.