კანონპროექტს, რომელიც ლგბტ წყვილების რეგისტრირებული პარტნიორობის განსაზღვრას ითვალისწინებს, უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს
უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ლგბტ წყვილებისთვის რეგისტრირებული პარტნიორობის განსაზღვრას ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომლის ავტორია დეპუტატი ინა სოვსუნი, მიზნად ისახავს დაეხმაროს ლგბტ წყვილებს ორმხრივი უფლებებისა და მოვალეობების, ქონების საკუთრების, მემკვიდრეობის, სოციალური დაცვისა და პარტნიორის გარდაცვალების ან გაუჩინარების შემთხვევაში უფლებების განსაზღვრაში.
ინა სოვსუნმა კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადას 2023 წლის 7 მარტს წარუდგინა. კანონპროექტზე ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ სამინისტროები ეწინააღმდეგებოდნენ ამას, რადგან კანონპროექტი, სავარაუდოდ, რეგისტრირებულ პარტნიორობას ქორწინებასთან აიგივებდა. ახლა სამინისტროებმა პოზიცია შეცვალეს.
ამასთან, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ცვლილებებს უკვე ამზადებს.
„ახლა ინიციატივა მთლიანად პარლამენტს ეკუთვნის, რომელმაც პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროს და იუსტიციის სამინისტროს მეორე მოსმენით შესწორებების შეტანის შესაძლებლობა მისცეს“, – განაცხადა რადას დეპუტატმა, ინა სოვსუნმა.