კანონპროექტის მიხედვით, სესხის გამცემი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინდმეწარმედან იურიდიულ პირად გადაკეთდებიან, სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით უქმდება
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სესხის გამცემი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც დღეს ფუნქციონირებენ როგორც ინდმეწარმე და გადაკეთდებიან იურიდიულ პირად, სარეგისტრაციო მოსაკრებელი ნახევარი წლით გაუქმდება.
მისივე თქმით, „ამ ცვლილების მიზანია რეგულაციების ცვლილება ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს ჰქონდეს იურიდიული ფორმა.
„ინდმეწარმე ვეღარ დარეგისტრირდება სესხის გამცემ სუბიექტად. თუმცა ჩავთვალეთ, რომ არასამართლიანი იქნება, როდესაც ინდმეწარმეს ერთხელ გადახდილი აქვს სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მას იურიდიულ პირად გადაკეთების შემთხვევაში, ხელახლა მოუწიოს ამ გადასახადის გადახდა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
პაპუნა ლეჟავამ კომიტეტს კიდევ ერთი პროექტი წარუდგინა. „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
კომიტეტში განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს.