კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტის არანაკლებ 10 პროცენტი ქართული მხატვრული, დოკუმენტური ტელეფილმებისა და სერიალების დაფინანსებაზე უნდა მიმართოს
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით, მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით), სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის.
ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა, იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.
კანონპროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის პირველ იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.
ამასთან, ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-დან 11-მდე იზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან ორი კანდიდატი პარლამენტს წარუდგინოს.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს ექვსი წელი“ იცვლება ჩანაწერით „ექვსი წელი“.
ასევე, ცვლილებებით, უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე.
ამასთან, ინიციატივით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.
ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.