კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი სამსახურის შექმნა იგეგმება
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.
შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
საკანონმდებლო ინიციატივაში განმარტებულია, რომ მოქმედი აქტების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობას შემდეგი სამი მიმართულებით ახორციელებს – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება.
კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება ზემოაღნიშნულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
პროექტში ნათქვამია, რომ ზემოთ აღნიშნულის გარდა, ახალშექმნილ საგამოძიებო სამსახურს გაეზრდება საგამოძიებო ქვემდებარობა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.
„2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელმაც ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები, მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება.
მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. კერძოდ, ამჟამად არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებს და ახორციელებს სამ ძირითად ფუნქციას, ამ ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაულები, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინ, როცა დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა თავად გამომძიებლის მიერ დამუშავებასთან. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამ სამსახურის მიერ გამოძიებისა და გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების აღრევას და იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, გაიმიჯნოს აღნიშნული ფუნქციები და ისინი ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილებათა ფარგლებში მოექცეს, რაც უკეთ უზრუნველყოფს ამ ფუნქციათა ჯეროვნად შესრულების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.