კანონპროექტის მიხედვით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ მიზანს აღწევდეს და ამავე დროს არ იყოს იმდენად დიდი, რომ ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეს.
„არც იმდაგვარი ოდენობის, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა და ამ შეზღუდვას, ამ რეგულაციას ყურადღება არ მიექცეს“, – განაცხადა ხუნდაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევად 20-ლარიანი ჯარიმაც საკმარისი იქნება.
„ეს ეხება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად, მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის. შესაძლოა, ეს მისთვის გარკვეული ფინანსური ტვირთი იყოს. ამიტომ მიზნის მისაღწევად საკმარისია, განვიხილოთ 20-ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ, როცა შეიძლება შემთხვევით ვიღაცას დაავიწყდეს ნიღბის გაკეთება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის იზიარებს პათოსს, რომელიც გუნდის შიგნით აღნიშნული საკითხის განხილვისას გამოიკვეთა.
„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ერთი მხრივ დავიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე, და მეორე იყოს ისეთი რეგულაცია, ისეთი ფულადი სახის ჯარიმა, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება ჩვენს საზოგადოებას, იყოს ისეთი ტიპის შემოთავაზება, ისეთი ტიპის სანქცია, რომელიც პრევენციული იქნება. მჯერა ჩვენი საზოგადოების სოლიდარობის. მჯერა, რომ როგორც აქამდე, ერთად, მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას და გამკლავებას.
ამიტომ, ვინაიდან ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი სანქციის დაკისრება და ვინმეს დასჯა, არამედ პირიქით, ზრუნვა ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მე ვიზიარებ, ისევე, როგორც ჩვენი გუნდის უმრავლესობა, პათოსს, რომ არ იყოს ფიზიკური პირებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დახურულ სივრცეში, არამედ შევამციროთ კიდევ და ამისთვის 20 ლარი იყოს განსაზღვრული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხი მხოლოდ ერთმა წამყვანმა კომიტეტმა განიხილოს. ის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს.