კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დარეგისტრირდა. ცვლილებები დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იყოს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.
ინიციატორები განმარტავენ, რომ რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.
კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მომზადების მიზეზად საგზაო უსაფრთხოების პრობლემას ასახელებენ. მათი ცნობით, „თვალშისაცემია საგზაო უსაფრთხოების პრობლემა, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, – აღნიშნავენ ინიციატორები.
კანონპროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება.