კანონპროექტის განმარტებით ბარათში დაკონკრეტდება, რამდენად შეესაბამება ცვლილებები ევროკავშირის სამართლებრივ აქტებს
კანონპროექტის მომზადებისას ცვლილებების ავტორს განმარტებით ბარათში იმის დაკონკრეტება მოუწევს, კანონპროექტი რამდენად მოდის შესაბამისობაში არა მხოლოდ ევროკავშირის დირექტივებთან, არამედ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთანაც.
შესაბამისი ცვლილებები – „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონპროექტში შედის, რომლის ავტორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია.
ცვლილებების მიხედვით, განმარტებით ბარათში თვალსაჩინო უნდა გახდეს, კანონპროექტის მიღება საქართველოს ხელშეკრულებისა და შეთანხმების რომელ ნაწილს ან მუხლს უკავშირდება.
ინიციატივის გათვალისწინებით, განმარტებით ბარათში უნდა დაკონკრეტდეს, ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, კანონპროექტი შესაბამისობაში ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან მოდის.
ამასთან, პროექტით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონს ახალი დანართი N1 ემატება, რომლის შევსება კანონპროექტის ინიციატორისთვის სავალდებულო იქნება, თუ კანონპროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან ჰარმონია-დაახლოებას გულისხმობს.
„უმრავლესს შემთხვევაში, კანონპროექტებს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის სიღრმისეული და მუხლობრივი ანალიზი არ ახლავს. ინიციატორები ხშირად მხოლოდ იმ ჩანაწერით შემოიფარგლებიან, რომ კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივებსა ან საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს არ ეწინააღმდეგება, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით, პროექტის სამართლებრივ შეფასებას ართულებს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.