კანონის ამოქმედების შემდეგ, პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურისთვის მხოლოდ ერთი ჯარიმა დაიწერა
ხმაურის ამკრძალავი კანონის ამოქმედების შემდეგ, პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურისთვის მხოლოდ ერთი ჯარიმა დაიწერა.
პირველმა არხმა მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შსს-ს ცნობით, ჯარიმა ფეიერვერკებით გამოწვეული ხმაურისთვის გასულ წელს დაიწერა. მიმდინარე წელს კი, მარტის ჩათვლით ამ დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებიათ.
პირველმა არხმა შსს-დან 2017 და 2018 წლის მიმდინარე პერიოდის მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც კანონის ამოქმედებიდან დღემდე 252 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.
მხოლოდ 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურისთვის გაფრთხილება 39-მა პირმა მიიღო. 2018 წლის ამ დრომდე, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებითი ხმაურისთვის სამი ფიზიკური და ცხრა იურიდიული პირი დაჯარიმდა. ხოლო 24 იურიდიულ პირს კანონის ამოქმედების შემდეგ, სამართალდარღვევისთვის ჯარიმა განმეორებით (1000 ლარი) დაეკისრა.
სულ კი, 2018 წლის მარტის ჩათვლით, 75 ჯარიმა დაიწერა. ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი 2017 წლის 15 აგვისტოს ამოქმედდა. კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.
ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის – 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
კანონი განსაზღვრავს დღისა და ღამის ხმაურს. დღის საათებად ითვლება 07:00 საათიდან – 23:00 საათამდე, ღამის საათებად – 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.