„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მამუკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, ასევე, მოქალაქეებისგან თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მამუკაშვილს ლანჩხუთის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მამუკაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 მარტს ჩაინიშნა.
გიორგი მამუკაშვილი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ე.წ. ქურდული გარჩევის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას მიმართა. ხოფერიას მიერ ვიდეოზარის მეშვეობით „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ სამ მოქალაქეს თანხა გამოსძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდი თენგიზ ხოფერია გასული წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მამუკაშვილი ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლანჩხუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და გამოძალვის ფაქტებზე გრძელდება.