კანიე ვესტი - არ არის აუცილებელი ემხრობოდეთ დონალდ ტრამპს, მაგრამ მე ვერ შემიშლით ხელს, ის მიყვარდეს
რეპერი კანიე ვესტის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს, საყოველთაო განხილვის საგანი გახდა.
40 წლის კანიემ ტრამპის მხარდამჭერი ტვიტების სერია გამოაქვეყნა, მათ შორის საკუთარი ფოტო, სადაც ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდი ახურავს კამპანიისვე ლოზუნგით „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“.
მისი ერთ-ერთი ტვიტი ასევე ამბობს, რომ „არ არის აუცილებელი ემხრობოდეთ ტრამპს, მაგრამ მე ვერ შემიშლით ხელს, ის მიყვარდეს“.
რეპერის პოსტებს Twitter-ზევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.
„მადლობა, კანიე, ძალიან მაგარია!“, – წერს დონალდ ტრამპი.
კანიე ვესტი, რომელიც დონალდ ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ შეხვდა, მანამდე წერდა, რომ პრეზიდენტთან „დრაკონული ენერგია“ აკავშირებს და რომ ტრამპი მისი ძმაა.
რეპერი ტრამპის წინამორბედსაც შეეხო. მან ბარაკ ობამა გააკრიტიკა.
„ის 8 წელი მართავდა ქვეყანას და ჩიკაგოში არაფერი შეცვლილა“, – წერს ობამას შესახებ კანიე ვესტი.