კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების მილის ვიდეოინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო.
„კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სპეციალური აპარატით შემოწმდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ აპარატს იყენებს, რათა ახლად გაკეთებული ქსელი შეამოწმოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული. ცხადია, აქ ვიღაცას ნაწარმოები ჰქონდა მიწის ბურღვის სამუშაოები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ორივე კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია. ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა, რომ „თელასის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგეს და მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.
„დავიწყეთ პრობლემის შესწავლა. დღეს, ორივე მონაკვეთი აღდგენილი და მოწესრიგებულია, თუმცა გვაქვს სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლად რეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.