კანადური კომპანია „ბეჰლენი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავის დაწყებას გეგმავს
კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ (Behlen Industries) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ბეჰლენის“ წარმომადგენელმა, ნატალია ჩიკვილაძემ განუცხადა.
საქმე ეხება კომპანიასა და მაშინდელ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას. დოკუმენტი გორში, თელავსა და ბათუმში სპორტის სასახლეების მშენებლობას ითვალისწინებდა. მიმდინარე წლის მარტში კი, საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებისა და კანონის მოთხოვნები, რაც კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა.
„ბეჰლენის“ წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კომპანიაში ხელშეკრულების შეწყვეტას არ ეთანხმებიან და ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში გორსა და თელავში სპორტის სასახლეების მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია, დასაგებია მხოლოდ იატაკის საფარი. ბათუმში კი, სპორტის სასახლეში უკვე ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.
საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რეპორტაჟს ამზადებს.