კანადის სავიზო ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა - არ გავარუსებინებთ კანადას, დავიცავთ კანადის დემოკრატიასაც
კანადის სავიზო ცენტრთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „კანადას არ გაგარუსებინებთ“.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა. კანადის სავიზო ცენტრთან შეკრებილების თქმით, მზად არიან, დაიცვან კანადის დემოკრატიაც.
„დღეს მოვედით კანადის სავიზო ცენტრთან აქცია-პერფომანსის სახით, „არა რუსულ კანონს“ კანადაში. ჩვენ არ გავარუსებინებთ კანადას და ჩვენ, დამოკრატიის მცველები დავიცავთ კანადის დემოკრატიასაც“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი წკრიალაშვილმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი პაპიძის თქმით, კანადის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი.
„კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები ვდგავართ კანადელი ახალგაზრდების გვერდით და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს კანადაში. მოვუწოდებთ კანადის ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს აგენტების კანონპროექტი. „არა რუსულ კანონს“ კანადაში, ეს არის ჩვენი, ახალგაზრდების მოწოდება. ქართველი ახალგაზრდები არ დავუშვებთ, კანადა გახდეს რუსეთის უკანა ეზო“, – აღნიშნა გიორგი პაპიძემ.
კანადის ფედერალურმა მთავრობამ უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნის მიზნით საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. კანადის მთავრობაში განმარტეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უცხოური ჩარევის უკეთ კონტროლს ისახავს მიზნად.