კანადის საგარეო უწყება - არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას
არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, „დიდი შვიდეულისა“ და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და ხანგრძლივი მხარდამჭერი, კანადა ეხმაურება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა. თუმცა კანადა შეშფოთებულია დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ასევე სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერაა აღნიშნული. ეს საკითხები გამოძიებული და გადაჭრილი უნდა იქნეს. კანადას მტკიცედ სწამს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.
ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, „დიდი შვიდეულისა“ და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. კანადა კვლავ რჩება ღია საქართველოსთან თანამშრომლობისთვის იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და აღმოფხვრის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კანადის საგარეო უწყება ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ და საქართველოს ხელისუფლებას – პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში მოქალაქეების უფლებებსა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვაფასებთ ქართველების აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, როგორც ამომრჩევლების, საარჩევნო უბნის თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით“, – აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.