კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვემზადებით რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად
კანადა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ემზადება, – ამის შესახებ ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გმობს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.
მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა, მისი პარტნიორები და მოკავშირეები იმოქმედებენ მტკიცედ საერთაშორისო სამართლის ამ აშკარა უგულებელყოფის საპასუხოდ. მისი თქმით, კანადა ემზადება ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, იმ სანქციების გარდა, რომლებიც დაწესებული იქნება უკრაინაში მორიგი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კანადა ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.