კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ჯასტინ ტრუდო გმობს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას და აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ტრუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა დაგმო შემზარავი მკვლელობის მცდელობა და გაიმეორა, რომ პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრმა ყოფილ პრეზიდენტს კარგად ყოფნა უსურვა და მიუსამძიმრა სროლის შედეგად დაღუპულის ოჯახს“, – წერია განცხადებაში.
ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.