კანადის „მაგნიტსკის აქტი“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელ პირებზეც გავრცელდება
კანადის „მაგნიტსკის აქტი“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელ პირებზეც გავრცელდება

კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კანადის „მაგნიტსკის აქტის“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელი პირების მიმართ გავრცელებაზეც არის საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ  კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რეზოლუცია დაამტკიცა. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას (Responding to Russian Aggression Against Ukraine, Moldova and Georgia in The Black Sea Region) ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ანგარიშის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ: ხელი შეუწყოს და წაახალისოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან;  გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის“ კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში ბრალდებულ პირთა მიმართ (რაც თავის მხრივ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას);  დაიწყოს საქართველოსთან და მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობა; რუსეთის მიერ ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობის გაზრდას;  მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, გახდნენ ნატო-ს წევრები; მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით – სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.

„კომიტეტის ანგარიში საქართველოსადმი კანადის პარლამენტის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავ ზღვაზე კანადის გააქტიურებისკენ მოწოდებასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია კანადის „მაგნიტსკის აქტის“ იმ პირებზე გავრცელებაზე, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში ედებათ ბრალი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე – ოტავაში საქართველოს საელჩო,  აგრძელებს მუშაობას როგორც კანადის მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან, თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით.

დოკუმენტის დამტკიცებას წინ უძღოდა 2018 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული სპეციალური მოსმენა აღნიშნულ სამ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელზეც ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად, კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე იყო მიწვეული. სხდომას, პარლამენტარების გარდა, კვლევითი ცენტრების ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანადის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი მოსმენა პირველად გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსმენაზე კანადურმა მხარემ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სტეფან ფიურმა, კანადელმა პარლამენტარებმა – როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან, თავიანთ გამოსვლებში დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გამოთქვეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის მზადყოფნა. ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე.