კანადის ელჩი - რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან 13 წლის შემდეგ, კანადა აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
თურქეთის რესპუბლიკაში კანადის საელჩო, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს რესპუბლიკაში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მე-13 წლისთავზე, კანადა ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობას“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჯამალ ხოხარმაც (რეზიდენციით, ქალაქი ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა).
„რუსეთსა და საქართველოს შორის ომიდან 13 წლის შემდეგ, კანადა აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საერთო ევროატლანტიკური ღირებულებები ჩვენი ურთიერთობების საფუძველია“,- წერს ჯამალ ხოხარი.