კანადელი მილიარდერი და ფილანტროპი ბარი შერმანი, მეუღლესთან ერთად, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. ტორონტოს პოლიციის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი უძრავი ქონების აგენტმა აღმოაჩინა, რომელიც მათ გასაყიდად გამოტანილი სახლის საკითხზე ეწვია.
ბარი შერმანი უმსხვილესი კანადური ფარმაცევტული კორპორაცია Apotex-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ჯენერიკ მედიკამენტების რეალიზაციას აწარმოებს. ის კანადის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომელიც ასევე, ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ბინაში შეჭრის კვალი არ ჩანს.
მომხდარს სოციალურ ქსელში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. შერმანებს ოთხი შვილი ჰყავთ. გამოცემა „ფორბსს“ ბარი შერმანის ქონება 3.2 მილიარდად აქვს შეფასებული.