კანადაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ნიუ იორკში ებრაულ ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
კანადაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნიუ იორკში ებრაულ ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული კანადაში მცხოვრები პაკისტანის მოქალაქე, 20 წლის მუჰამად შაჰზებ ხანია. ის მონრეალის მახლობლად 4 სექტემბერს დააკავეს, თუმცა კანადის პოლიციამ და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ინფორმაცია ახლა გაავრცელეს.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ნიუ იორკში ტერაქტს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავზე, 7 ოქტომბრისთვის გეგმავდა.
„ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, ნიუ იორკში მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმა დაგეგმა, რომლის მიზანი იყო, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით, რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობისა და კანადის სამართალდამცავი უწყებების სწრაფი ქმედებების წყალობით ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გერლენდის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანი უკვე მიემართებოდა აშშ-ის საზღვრისკენ, როდესაც ის დააკავეს. მას ბრალს წაუყენებენ როგორც კანადაში, ისე აშშ-ში. დაკავებული მონრეალის სასამართლოს წინაშე 13 სექტემბერს წარდგება.