კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი მიიღო
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობები ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან. კანადელებს ასევე ეკრძალებათ რუსეთის სუვერენულ ვალთან გარიგებებში მონაწილეობა.
გარდა ამისა, კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს მთავრობასთან დაკავშირებულ ორ რუსულ ბანკს, რომელთა სახელები ჯერ არ არის მითითებული და აკრძალავს მათთან ტრანზაქციებს.
სანქციები ასევე შეეხება რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას.
„სანქციები მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. და ისინი ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასთინ ტრუდომ.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, კანადა ლატვიაში დამატებით 460 სამხედრო მოსამსახურეს, ასევე საზღვაო პატრულირებისთვის ფრეგატს და თვითმფრინავს გზავნის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადამ უკრაინას თვითმფრინავით სამხედრო დახმარება გაუგზავნა.