კანადამ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
კანადამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტია ფრილანდი ავრცელებს.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ ხაშოგის მკვლელობა არის თავდასხმა სიტყვისა და აზრის თავისუფლებაზე.
„ეს საქმე დახურული არ არის, კანადა კვლავ მოუწოდებს სანდო და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ“, – წერს ფრილანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დაწესებული აქვს ასევე აშშ-ს, საფრანგეთსა და გერმანიას. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ კი, კერძოდ გერმანიამ, დანიამ და ფინეთმა, საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი შეაჩერეს.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.