კანადა აშშ-სთან სავაჭრო ხელშეკრულებას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გააფორმებს
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას კანადა სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გააფორმებს, – ასეთ იმედს აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი და კანადა-ამერიკის ბიზინესსაბჭო გამოთქვამენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 1994 წელს დადებული ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო ხელშეკრულება (ე.წ. NAFTA), რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალ ვაჭრობას არეგულირებდა, ამერიკისთვის წამგებიანად მიაჩნდა. ტრამპი ხელშეკრულებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკრიტიკებდა და გაპრეზიდენტებისთანავე პარტნიორებს ხელშეკრულების განახლება შესთავაზა. შედეგად, მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ხელშეკრულება ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, გუშინ აშშ-მა მექსიკასთან შეთანხმებას მიაღწია და ახლა ჯერი კანადაზეა.
კანადა თეთრ სახლთან მოლაპარაკების განახლებას იმ იმედით გეგმავს, რომ საბოლოო ხელშეკრულებას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტია ფრილენდი უკვე ვაშინგტონშია.
კანადა-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელმა მარისკოტ გრინვუდმა კი დღეს ტელეკომპანია CNBC-ის განუცხადა, რომ კანადა შეუერთდება შეთანხმებას და NAFTA-ს ხელი ამ კვირაში მოეწერება.
„შესათანხმებელი საკითხების ძალიან უმნიშვნელო რაოდენობაა დარჩენილი. მექსიკამ უკვე მიაღწია შეთანხმებას. ჩემი აზრით, ამ კვირაში ჩვენც შევუერთდებით“, – განაცხადა გრინვუდმა.
მოგვიანებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა CNBC-ისთან იმედი გამოთქვა, რომ განახლებული NAFTA სწრაფად დაიძვრება და კანადაც მისი ნაწილი იქნება. თუმცა მნუჩინმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხოლოდ იმ დათმობებზე წავა, რაზეც მექსიკასთან წავიდა.
ტრამპმა უკვე გააფრთხილა კანადა, რომ თუ სამმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას აღარ შეუერთდება, ამერიკა მისი ავტომობილების იმპორტს დაბეგრავს.
კანადა-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელის თქმით, მართალია კანადა არ არის ბედნიერი ამერიკიდან წამოსული სატარიფო მუქარის გამო, მაგრამ აცნობიერებს, რომ გარიგებაში დარჩენის გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა მალე დაიხურება.
„კანადა აცნობიერებს, რომ აშშ ამ საკითხებზე ყურადღების დეფიციტს განიცდის და თუ ჩვენ ახლა ვერ გავრიგდით, აშშ ჩინეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე გადაიტანს ყურადღებას, ან რამე სხვა საკითხებს მიუბრუდნება“, – განმარტა გრინვუდმა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ სავაჭრო საკითხები ორშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
მექსიკასთან გარიგების მიღწევის შემდეგ სავაჭრო ომის საფრთხე განეიტრალდა და დღეს ამერიკის საფონდო ბირჟების წამყვანი ინდექსები რეკორდულად გაიზრდა. ინვესტორები კანადის გადაწყვეტილებას ელოდებიან.