კამბოჯაში, გამოქვაბულში ოთხი დღით ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს
კამბოჯაში, გამოქვაბულში ოთხი დღით ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

კამბოჯაში, გამოქვაბულში ოთხი დღით ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 28 წლის კამბოჯელი სუმ ბორა გამოქვაბულში ღამურის ექსკრემენტების შესაგროვებლად იყო მისული, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ორ კლდეს შორის არსებულ გამოქვაბულში ჩავარდა.

შემთხვევა კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბატამბანგთან ახლოს, ჩაკრაის მთაზე მოხდა.

„ბიბისის“ ცნობით, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ დაბრუნდა, ოჯახის წევრებმა მისი ძებნა დაიწყეს. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. საბოლოო ჯამში, ბორას ადგილმდებარეობის შესახებ მისმა მეგობარმა გამოიცნო, რომელიც ჩაკრაის მთაზე მასთან ერთად ხშირად დადიოდა. 28 წლის სუმ ბორას გამოქვაბულში სასმელი წყლისა და საკვების გარეშე ყოფნა ოთხი დღე მოუხდა.

ადგილმდებარეობის გარკვევის შემდეგ სუმ ბორას გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაცია 10 საათი მიმდინარეობდა. მასში 200-მდე მაშველი იყო ჩართული. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ კამბოჯელი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.