კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო დონალდ ტრამპმა CBS-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო დონალდ ტრამპმა CBS-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა CBS-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ტრამპის სარჩელის თანახმად, ტელევიზიამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ინტერვიუ მზაკვრულად დაამონტაჟა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

კამალა ჰარისთან ინტერვიუ გადაცემა „60 წუთმა“ ჩაწერა. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე და იმაზეც ისაუბრა, თუ რა განსხვავებაა მასა და ოპონენტ ტრამპს შორის.

ტრამპი ტელევიზიისგან 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებას ითხოვს.

მისი განცხადებით, CBS-მა განზრახ შეცვალა ინტერვიუს შინაარსი, რათა დახმარებოდა მის მოწინააღმდეგეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

CBS-მა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ტრამპის პრეტენზიებს საფუძველი არ გააჩნია.

ტელევიზიის წარმომადგენლების თქმით, სასამართლოში საკუთარი პოზიციის დაცვას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ სარჩელი შეტანილია ტეხასის შტატის ჩრდილოეთ ოლქის, ამარილოს განყოფილების ფედერალურ სასამართლოში, სადაც მოსამართლე 2019 წელს ტრამპის მიერ დანიშნული პირია.

როგორც CBS-ში აცხადებენ, გადაცემა „60 წუთს“ ტრამპისთვის ინტერვიუს ჩაწერა ჰქონდა შეთავაზებული, რაზეც რესპუბლიკელების კანდიდატმა უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მედიასაშუალებებს უჩივის, მას უკვე წაგებული აქვს დავები CNN-ის, The Washington Post-ისა და The New York Times-ის წინააღმდეგ.