კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები დღეს გაიმართება
დღეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართება.
დებატები „ეიბისის“ ეთერში თბილისის დროით 05:00 საათზე შედგება და 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
არხის ჟურნალისტების ინფორმაციით, დებატები გაიმართება ეროვნულ საკონსტიტუციო ცენტრში, ფილადელფიაში. დებატები არ ითვალისწინებს მაყურებლების დასწრებას, ხოლო მიკროფონი ჩართული იქნება მხოლოდ იმ კანდიდატისთვის, ვისი საუბრის რიგიც იქნება. კითხვების დასმის უფლება მხოლოდ მოდერატორებს ექნებათ. მოდერატორები იქნებიან პროგრამა „ვორლდ ნიუს თუნაითის“ წამყვანი და მთავარი რედაქტორი დევიდ მიური და პროგრამა „პრაიმის“ წამყვანი ლინსი დევისი.
კანდიდატებს არ ექნებათ შესავალი სიტყვა, ხოლო დასკვნითი გამოსვლები გაგრძელდება თითოეული კანდიდატისთვის ორი წუთის განმავლობაში. თითოეულ კითხვაზე პასუხის დრო ასევე შეზღუდული იქნება ორი წუთით, კიდევ ორი წუთი იქნება მეტოქის განცხადების უარყოფისთვის და კიდევ ერთი – დაზუსტებისთვის, განმარტებისთვის ან პასუხისთვის.
საპრეზიდენტო კანდიდატები გამოიყენებენ ტრიბუნებს, რათა უფრო დეტალურად ისაუბრონ წინასაარჩევნო დაპირებებზე.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, 3 სექტემბერს ჩატარდა ვირტუალური წილისყრა, რათა განესაზღვრათ პოდიუმზე ადგილი და დასკვნითი გამოსვლების რიგითობა. ეს პრეროგატივა ტრამპს ერგო და მან აირჩია რიგითობა.