კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიზიტის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა თავისი რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიზიტის გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ ჰარისმა განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ნება მომეცით, გულახდილი ვიყო. ყოფილმა პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოიჩინა წმინდა მიწის მიმართ და ეს ყველაფერი პოლიტიკური ტრიუკისთვის გააკეთა“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისის თქმით, ეს არის „საზეიმო ადგილი“, სადაც ამერიკელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
„ეს არ არის პოლიტიკის ადგილი“, – დასძინა ჰარისმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას დონალდ ტრამპი დაესწრო მემორიალურ ღონისძიებას არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურის პატივსაცემად, რომლებიც 2021 წელს, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. მან ასევე მოინახულა ვირჯინიის სასაფლაოს მე-60 სექცია, რომელსაც სამხედროები წმინდა მიწად მიიჩნევენ.
ფედერალური კანონი და პენტაგონის პოლიტიკა ამ ტერიტორიაზე პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს, თუმცა ტრამპის კამპანიამ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე სასაფლაოზე გადაღებული ვიდეო განათავსა. ტრამპის ვიზიტმა ზოგიერთი ვეტერანისა და ჯარისკაცების ოჯახების წევრების კრიტიკაც გამოიწვია.