კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი ითხოვს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების დროს მიკროფონები მთელი სატელევიზიო ეთერის განმავლობაში ჩართული იყოს
კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი ითხოვს, რომ დონალდ ტრამპთან დებატების დროს მიკროფონები მთელი სატელევიზიო ეთერის განმავლობაში ჩართული იყოს

დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბები მომავალი საპრეზიდენტო დებატების პირობებზე კამათობენ. კამალა ჰარისის გუნდი ითხოვს, რომ, ტრამპისა და ბაიდენის დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად მიკროფონები მთელი ეთერის დროს ჩართული იყოს და არ გამოირთოს ოპონენტის საუბრის დროს.

„ვიცე-პრეზიდენტი მზად არის, რეალურ დროში გაუმკლავდეს ტრამპის მუდმივ ტყუილებს და სიტყვის შეწყვეტას. ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ხმის გამორთვის ღილაკის უკან დამალვა“, – განაცხადა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, ბრაიან ფელონმა.

ტრამპის შტაბის უფროსმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა კი განაცხადა, რომ ისინი უკვე შეთანხმდნენ იმავე პირობებზე, რაც „სიენენის“ ეთერში ივნისის დებატების დროს იყო.

„ჩვენ ვთქვით, რომ არანაირი ცვლილებები არ იქნებოდა შეთანხმებულ წესებში“, – აღნიშნა მან.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მას ურჩევნია, მისი მიკროფონი ჩართული იყოს, თუმცა შეთანხმება იყო, რომ წესები არ შეიცვლებოდა.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ალბათ მირჩევნია, რომ ჩართული იყოს. თუმცა შეთანხმება იყო, რომ ის იქნებოდა ისევე, როგორც წინა შემთხვევაში“, – თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თავის ახალ მეტოქესთან დებატებისთვის დიდად არ ემზადება.

„ამაზე დიდ დროს არ ვხარჯავ. ვფიქრობ, ჩემი მთელი ცხოვრება მე დებატებისთვის ვემზადებოდი. 30 წლის ცოდნას თავში ერთ კვირაში ვერ ჩატენი. ასე რომ, დებატებისთვის მცირე მზადება არის, მაგრამ მე ამას ყოველთვის მეტ-ნაკლებად ერთნაირად ვაკეთებდი“, – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ეიბისი ნიუსი“, რომლის ეთერში დებატები უნდა გაიმართოს, მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

„რატომ უნდა ვედებატო კამალა ჰარისს ამ არხზე?“ – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს არის დაგეგმილი.