კამალა ჰარისი - ტრამპი სულ უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება, კოგნიტური უნარების ტესტი უნდა ჩააბაროს
კამალა ჰარისი - ტრამპი სულ უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება, კოგნიტური უნარების ტესტი უნდა ჩააბაროს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს კოგნიტური უნარების ტესტის ჩაბარება შესთავაზა.

ამის შესახებ მან CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ტრამპი მართლაც უფრო და უფრო არასტაბილური და არაადეკვატური ხდება. მიმართავს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რადგან რეალურად არ აქვს გეგმა ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა ჰარისმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადებები.

კამალა ჰარისის თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ტრამპი „არ გამოდგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“.

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის შესახებ მსგავსი განცხადებები გასულ დღეებშიც გააკეთა და რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატს არასტაბილური და პოზიციისთვის შეუფერებელი უწოდა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები ვიცე-პრეზიდენტის ინტელექტის შესახებ.