კამალა ჰარისი - საშუალო კლასის განვითარება ჩემი პრეზიდენტობის განმსაზღვრელი მიზანია
კამალა ჰარისი - საშუალო კლასის განვითარება ჩემი პრეზიდენტობის განმსაზღვრელი მიზანია

საშუალო კლასის განვითარება ჩემი პრეზიდენტობის განმსაზღვრელი მიზანია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კამალა ჰარისმა წარადგინა წინადადებები ამერიკელების უმეტესობისთვის გადასახადების შემცირების, სასურსათო მაღაზიების მიერ „ფასის აწევის“ აკრძალვისა და უფრო ხელმისაწვდომი საცხოვრებლის აშენების შესახებ, როგორც „შესაძლებლობის ეკონომიკის“ ნაწილი, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში დეტალურად წარადგენს თავის ეკონომიკურ გეგმას. დასავლური მედიის შეფასებით, ჰარისის დღის წესრიგი, შესაძლოა, წინააღმდეგობას შეხვდეს როგორც კორპორაციების, ასევე კონგრესის მხრიდან, რომლებმაც უარყვეს მსგავსი წინადადებები, როდესაც ისინი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.

„ჩვენ ერთად ავაშენებთ იმას, რასაც მე „შესაძლებლობების ეკონომიკას“ ვუწოდებ. ეკონომიკას, სადაც ყველას შეუძლია კონკურენციის გაწევა, სადაც ყველას შეუძლია, წარმატების რეალური შანსი ჰქონდეს. ყველას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ან საიდან იწყებს, აქვს შესაძლებლობა, შექმნას სიმდიდრე საკუთარი თავისა და შვილებისთვის. ჩვენ მოვხსნით ბარიერებს შესაძლებლობებისთვის, რათა ყველას, ვისაც სურს ბიზნესის წამოწყება ან კარიერული წინსვლა, შეძლოს წვდომა იმ ინსტრუმენტებსა და რესურსებზე, რომლებიც საჭიროა ამისათვის. საშუალო კლასი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა და მის დასაცავად ჩვენ უნდა დავიცვათ ძირითადი პრინციპი, როგორიცაა: თქვენი ხელფასი საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.