კამალა ჰარისი - ნოემბერში ჩვენ გავერთიანდებით და ერთხმად გამოვაცხადებთ, რომ წინ მივდივართ ოპტიმიზმით, იმედითა და რწმენით
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინონ.
კამალა ჰარისმა მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ქვეყნის სამსახურისთვის.
„ჯო, მადლობა შენი ისტორიული ლიდერობისთვის, მადლობა, რომ შენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის სამსახურს მიუძღვენი. ჩვენ მუდამ შენი მადლიერი ვიქნებით. მადლობა, ჯო. და დღეს, როდესაც ყველა თქვენგანს ვუყურებ, მე ვხედავ ჩვენი დიდი ერის სილამაზეს. ადამიანები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან, ყველა ასაკის წარმომადგენელი იმყოფება აქ. ამ ნოემბერს ჩვენ გავერთიანდებით და ერთხმად გამოვაცხადებთ, რომ წინ მივდივართ ოპტიმიზმით, იმედით და რწმენით. ჩვენი ქვეყნის სიყვარულის წინამძღოლობით, იმის ცოდნით, რომ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც გვყოფს. მოდით, ვიბრძოლოთ ჩვენთვის ძვირფასი იდეალებისთვის და მოდით, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
დემოკრატების ყრილობაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი და 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე ჰილარი კლინტონი, რომელმაც კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ მას. ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, კამალას აქვს „ხასიათი, გამოცდილება და ხედვა, რომლითაც წინ წაუძღვება ქვეყანას.“
„2016 წელს ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო ჩემი პარტიისგან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. დაახლოებით 66 მილიონმა ამერიკელმა ხმა მისცა მომავალს, სადაც ჩვენი ოცნებები უსაზღვრო იქნებოდა. და შემდგომაც ჩვენ არ მივატოვეთ ამერიკა. მილიონობით ადამიანი ჩაება მსვლელობაში, ბევრმა იყარა კენჭი. ჩვენ მომავალს იმედით ვუყურებდით. ჩემო მეგობრებო, მომავალი აქ არის. ერთმანეთისადმი რწმენით და ჩვენს გულებში სიხარულით, მოდით, კამალა ჰარისი და ტიმ უოლცი თეთრ სახლში გავაგზავნოთ“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.