კამალა ჰარისი - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ აკეთებს ამას, რადგან სიმართლეა ისიც, რომ ზედმეტად ბევრი უდანაშაულო პალესტინელია მოკლული
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორ აკეთებს ის ამას. ამის შესახებ მან დონალდ ტრამპთან საპრეზიდენტო სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.
„7 ოქტომბერს ტერირისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მოკლა 1 200 ისრაელელი, მათგან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ. ქალები სასტიკად გააუპატიურეს. მაშინაც და ახლაც ვამბობ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი თავი. როგორ აკეთებს ის ამას, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ასევე სიმართლეა, რომ ზედმეტად ბევრი უდანაშაულო პალესტინელი მოკლულია – ბავშვები, დედები. რაც ვიცით, არის ის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ის უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გამოყვანა. ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას 24-საათიან რეჟიმში იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ უნდა მივდიოთ ორი სახელმწიფოს პრინციპის გამოსავლის კურსს. ეს გამოსავალი უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოებას ისრაელელი ხალხისთვის, ისრაელისთვის და ანალოგიური ზომები პალესტინელებისთვის. გარწმუნებთ, მე ყოველთვის მივცემ ისრაელს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი თავი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ირანს და ნებისმიერ საფრთხეს, რომელსაც ირანი და მის მიერ მართული ჯგუფები ისრაელისთვის წარმოადგენენ. თუმცა, ჩვენ უნდა გვქონდეს ორი სახელმწიფოს გამოსავალი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ღაზის აღდგენას, პალესტინელებს ექნებათ უსაფრთხოება, თვითგამორკვევა და ღირსება, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.