კამალა ჰარისი - ღაზაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს შეთანხმებას, ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის გაზრდისთვის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოუწოდებს „ჰამასს“, დათანხმდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უბიძგებს ისრაელს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ღაზაში ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. მაგიდაზე არის შეთანხმება და, როგორც უკვე ვთქვით, „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს ამ შეთანხმებას. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია. ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის საგრძნობლად გაზრდისთვის. ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ჰარისმა ალაბამაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან „ჰამასის“, კატარისა და აშშ-ის წარმომადგენლები. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას და „ჰამასის“ პასუხს ელოდებოდა, თუმცა ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის.