კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა
დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, – ამის შესახებ საპრეზიდენტო ტელედებატების დროს დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ტრამპი, უბრალოდ, დანებდებოდა.
„ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის, უბრალოდ, დანებდება. მოდით, გავაცნობიეროთ, რა მოხდა აქ. მე შევხდი ზელენსკის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა, ეცდებოდა, ძალის გამოყენებით შეეცვალა ტერიტორიული საზღვრები, უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და წესები, მათ შორის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შევხდი პრეზიდენტ ზელენსკის და გავუზიარე მას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას თავის დაცვა. რამდენიმე დღის შემდეგ მე ჩავედი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში და ჩემი და სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად ჩვენ გავაერთიანეთ 50 ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მას სამართლიანად დაეცვა თავი. ჩვენი მხარდაჭერით, საჰაერო თავდაცვით, აღჭურვილობით, არტილერიით, ჯაველინებით, ტანკებით, რომლებიც მივაწოდეთ, უკრაინა დგას, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. გააცნობიერეთ, რას ნიშნავს ეს, რადგან პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. გააცნობიერეთ, ჩვენი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები რატომ არიან ასეთი მადლიერი, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ და რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის მნიშვნელობას, ამისთვის რაც გავაკეთეთ, რათა შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების შესაძლებლობა, ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იჯდებოდა კიევში და მისი მზერა მიმართული იქნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, პოლონეთით დაწყებული“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი იჯდებოდა მოსკოვში და არ ეყოლებოდა დაკარგული 300 ათასი ადამიანი.
ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი.
კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპი ეთაყვანება ძლიერებს, დემოკრატიაზე ზრუნვის ნაცვლად.
„ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს პრეზიდენტის იმედი, რომელიც აცნობიერებს ამერიკის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას სტაბილურობის უზრუნველყოფაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს პრინციპებს და არ ვყიდით მათ პირადი პირფერობის სარგებლისთვის“, – განაცხადა ჰარისმა.