კამალა ჰარისი - ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება
კამალა ჰარისი - ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მეც მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს“, – განაცხადა ჰარისმა.

25-წუთიანი ინტერვიუს დროს „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, თუ, როგორც ვიცე-პრეზიდენტი ამტკიცებს, ამერიკელი ხალხი დაიღალა დონალდ ტრამპის ეპოქის პოლიტიკით, მაშინ მას მხარს ამდენი ადამიანი რატომ უჭერს და ჰარისს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები „სულელებად“ ხომ არ მიაჩნია.

„Სულელებად? მე არასდროს ვიტყოდი ამას ამერიკელ ხალხზე“, – განაცხადა პასუხად ჰარისმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ჰარისს დაუსვა კითხვა, რატომ არის მისი საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი „ახალ ეტაპზე გადასვლა“, მაშინ როცა უკვე სამ წელზე მეტია, ვიცე-პრეზიდენტია. ჰარისმა კი პასუხად ისევ ტრამპი გააკრიტიკა.