კამალა ჰარისი - აშშ ფორმალურად ადგენს, რომ რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულები, ვეუბნები ამის ჩამდენებს და მათ ზემდგომებს, თქვენ მოგიწევთ პასუხისგება
კამალა ჰარისი - აშშ ფორმალურად ადგენს, რომ რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულები, ვეუბნები ამის ჩამდენებს და მათ ზემდგომებს, თქვენ მოგიწევთ პასუხისგება

რუსეთის უკრაინაში ქმედებების შემთხვევაში, ჩვენ შევისწავლეთ სამხილები, ჩვენ ვიცით კანონიერი სტანდარტი და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე – „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.

როგორც კამალა ჰარისმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურად ადგენს, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ბევრ თქვენგანს ალბათ ახსოვს, რომ შარშან ამ სცენიდან მე გაფრთხილებდით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. ბევრ თქვენგანს უკვირდა, როგორ ვუპასუხებდით, ბევრს აინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა რუსეთის შეჩერება, ნატო შეძლებდა ერთიანობას თუ ნაწილებად დაიშლებოდა, უკრაინა იქნებოდა თუ არა მომზადებული. ერთი წლის შემდეგ ვიცით, კოლეგებო, კიევი ისევ დგას, რუსეთი სუსტდება, ტრანსატლანტიკური ალიანსი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და ყველაზე მნიშვნელოვანი – უკრაინელი ხალხის შემართება მხარდაჭერილია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

მისივე თქმით, აშშ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით აჩვენებს სანიმუშო ლიდერობას.

„პრეზიდენტი ბაიდენი ხშირად ამბობს, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რამდენ ხანსაც საჭიროა იქნება. ჩვენ არ დავნებდებით, ამას აქვს მორალური, სტრატეგიული ინტერესი და მიზეზი, რატომაც არის უკრაინა მნიშვნელოვანი ამერიკელი ხალხისთვის, ევროპის ხალხისა და ხალხისთვის მთელ მსოფლიოში.  ამ არაპროვოცირებული ომის პირველივე დღიდან ჩვენ მომსწრე ვართ რუსული ძალების სისასტიკისა და ომის დანაშაულისა. მათი ქმედებები არის შეურაცხყოფა ჩვენი საერთო ღირებულებების, ეს არის თავდასხმა კაცობრიობაზე.

რუსი სამხედროები პასუხისმგებელი არიან ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ თავდასხმაზე მშვიდობიან მოსახლეობაზე, მკვლელობაზე, წამებაზე, გაუპატიურებასა და დეპორტაციაზე, დასჯის ტიპის მკვლელობებზე, ცემაზე, ელექტროწამებაზე. რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ძალადობრივი დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის ბავშვების. ბოროტულად აცალკევებენ ბავშვებს თავიანთი ოჯახებიდან.

ყველამ ვნახეთ მარიუპოლის თეატრის ფოტოები, ფოტოები მკვდარი ორსული ქალის, რომელიც სამშობიაროში ბავშვის გაჩენისთვის ემზადებოდა. დავფიქრდეთ ბუჩას ფოტოებზე, ცივსისხლიანად მოკლულ მოქალაქეებზე, ქუჩაში დატოვებულ ცხედრებზე, ქუჩაში ველოსიპედით მიმავალ მოკლულ კაცზე, დავფიქრდეთ ოთხი წლის ბავშვზე, რომელიც, გაერო-ს ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსი ჯარისკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს არის ბარბაროსული და არაადამიანური. ვიცე-პრეზიდენტობამდე ჩემი კარიერის უმეტესობა პროკურორის ოფისში გავატარე, უფრო ადრე – იურისტად სასამართლო შენობაში. ვმუშაობდი კალიფორნიაში იუსტიციის დეპარტამენტში და საკუთარი გამოცდილებიდან ზუსტად ვიცი ფაქტების შეგროვების და მათი კანონის გასამყარებლად გამოყენების ძალა. რუსეთის უკრაინაში ქმედებების შემთხვევაში, ჩვენ შევისწავლეთ სამხილები, ჩვენ ვიცით კანონიერი სტანდარტი და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურად ადგენს, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. მე ვეუბნები მათ, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაულები და მათ ზემდგომებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მომხდარზე, თქვენ მოგიწევთ პასუხისგება“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.