კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თავად უკრაინის გარეშე არ შეხვდება.
„სიესბი ნიუსთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა პუტინთან შეხვედრას უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად, ჰარისმა უარყოფითად უპასუხა.
„უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამჟამად აშშ მხარს უჭერს უკრაინის უნარს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.
„დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ შეუძლია ამის დასრულება ერთ დღეში. იცით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს კაპიტულაციას“, – აღნიშნა ჰარისმა.
უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ეს არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, როდესაც ამის დრო დადგება.