კამალა ჰარისი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან მეორე დებატების ორგანიზებას ცდილობს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ცდილობს, რესპუბლიკელ ოპონენტთან, დონალდ ტრამპთან მეორე დებატების ორგანიზების შესახებ მოილაპარაკოს. ამის შესახებ ჰარისმა ატლანტაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კამალა ჰარისმა გაიხსენა ტრამპის სიტყვები წინა დებატებზე ქალთა აბორტის უფლებებთან დაკავშირებით, ამ მომენტში კი დარბაზიდან მეორე დებატების შესახებ ჰკითხეს.
„ვცდილობ კიდევ ერთი დებატების ორგანიზებას, ვნახოთ“, – განაცხადა ჰარისმა კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, პირველი დებატების შემდეგ ტრამპმა უარი თქვა ჰარისთან დებატების ხელმეორედ გამართვაზე. იგი ამტკიცებს, რომ პირველ დებატებში გაიმარჯვა. ყოფილი პრეზიდენტი ასევე ადანაშაულებს მოდერატორებს მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში.
მედიის ცნობით, 10 სექტემბრის პირველი დებატების შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვების უმეტესობამ აჩვენა, რომ გამარჯვება კამალა ჰარისმა მოიპოვა.