კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიციამ ათობით პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებსაც კამპუსის ტერიტორიაზე კარვების ქალაქი ჰქონდათ მოწყობილი
კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიციამ ათობით პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებსაც კამპუსის ტერიტორიაზე კარვების ქალაქი ჰქონდათ მოწყობილი

ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიციამ ათობით პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, რომლებსაც კამპუსის ტერიტორიაზე კარვების ქალაქი ჰქონდათ მოწყობილი. როგორც „სიენენი“ იტყობინება, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები.

ასობით პოლიციელის მობილიზება სასწავლო დაწესებულების კამპუსთან ადგილობრივი დროით საღამოს დაიწყო. მათ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე დემონსტრანტების დაკავებას დაიწყებდნენ, რომლებიც ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. კარვების ქალაქის გარშემო შეკრებილი იყო ასობით სხვა პროპალესტინელი აქტივისტი.

ვითარება კალიფორნიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთი დღით ადრე პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.

აშშ-ში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები უნივერსიტეტებში უკვე ორი კვირაა იმართება. ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ასობით დემონსტრანტი დააკავეს.