კალიფორნიის უნივერსიტეტში კარვების ქალაქის დაშლის დროს პოლიციამ 200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა
ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში კარვების ქალაქის დაშლის დროს პოლიციამ 200-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის არიან სტუდენტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.
როგორც მედია წერს, კარვების დაშლისას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, 209 ადამიანი, თუმცა ამ დროისთვის დაკავებულ სტუდენტთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. კარვების ქალაქის გარშემო, სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების გარდა, ასობით სხვა პროპალესტინელი აქტივისტი იყო შეკრებილი.
პოლიციელების მობილიზება სასწავლო დაწესებულების კამპუსთან ადგილობრივი დროით საღამოს საათებში დაიწყო. მათ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები უნივერსიტეტებში, უკვე ორი კვირაა, იმართება.