კალიფორნიის სანაპიროზე ოკეანის ღრმა წყლების ბინადარი უცნაური თევზი გამოირიყა — #1tvმეცნიერება
10:22, 18.05.2021
შემზარავი შესახედაობის თევზი, რომელიც ოკეანეში ათასობით მეტრის სიღრმეში ბინადრობს, კალიფორნიის პლაჟზე გამოირიყა.
ღრმა ზღვის ამ თევზს ზღვის ეშმაკს უწოდებენ, საკმაოდ მოუხელთებელია და ოკეანის სიღრმეების გარდა, სხვაგან იშვიათად უნახავთ.
თუმცა, მაისის დასაწყისში, კალიფორნიის სანაპიროზე მისი ხელუხლებელი სხეული ერთ-ერთმა მეთევზემ, ბენ ესტისმა შენიშნა.
უცნობია, როგორ მოხვდა იქ ეს თევზი.
„ნამდვილი, ხელუხლებელი ზღვის ეშმაკის ხილვა უიშვიათესი შემთხვევაა და უცნობია, როგორ ან რატომ მოხვდა ის ნაპირზე“, — წერს ფეისბუქპოსტში კრისტალ-კოუვის სახელმწიფო პარკის ადმინისტრაცია.
ეს უცნაური არსება ოკეანეში, ძირითადად 915 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს. მსოფლიოში ამჟამად ზღვის ეშმაკის 200-ზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი. პარკის განცხადებით, ეს კონკრეტული ეგზემპლარი სავარაუდოდ წყნაროკეანური ჰიმანტოლოფუსის (ფეხბურთის თევზის) სახეობას მიეკუთვნება.
თევზის პირი სავსეა ბასრი, წვეტიანი კბილებით; თავზე გამოსული აქვს გრძელი, აბზეიკილი ღერო, რომლის ბოლოშიც მოთავსებულია ბიოლუმინესცენციური ბურთულა; ზღვის ეშმაკი ამ ორგანოს ოკეანის სიბნელეში მსხვერპლზე ნადირობისთვის იყენებს.
მდედრი ჰიმანტოლოფუსი სიგრძეში 0,6 მეტრამდე იზრდება, მამრი კი ოდნავ უფრო დიდი. ძლიერ უცნაურია ამ თევზის გამრავლების მეთოდიც.
„მამრები კბილებით ეჭიდებიან მდედრებს და „სქესობრივი პარაზიტები“ ხდებიან; თანდათან მდედრებს შეეზრდებიან იქამდე, ვიდრე მათგან აღარაფერი დარჩება გარდა სათესლე ჯირკვლებისა“, — წერს პარკის ადმინისტრაცია.
პლაჟზე გამორიყული ეს კონკრეტული ეგზემპლარი სავარაუდოდ ლოს-ანჯელესის ბუნების ისტორიის მუზეუმს გადაეცემა და მის კოლექციაში შეინახება.
ზღვის ეშმაკი პირველად 1833 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ის გრენლანდიის სანაპიროზე გამოირიყა. 2016 წელს კი, აზორის კუნძულების მიდამოებში წყალქვეშა ექსპედიციისას, მეცნიერები პირველად დააკვირდნენ მის მშობიარობას.