კალიფორნიის გუბერნატორი ჯერი ბრაუნი ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ყველაზე ხალხმრავალი შტატის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს
კალიფორნიის გუბერნატორი ჯერი ბრაუნი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ყველაზე ხალხმრავალი შტატის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში სდებს ბრალს. ეს განცხადება იუსტიციის დეპარტამენტის მიერ იმ პოლიტიკის გასაჩივრებას მოჰყვა, რომელიც არალეგალ მიგრანტებს დეპორტაციისგან იცავს.
დემოკრატმა გუბერნატორმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ ბრალდება მალევე გააჟღერა მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა კალიფორნიასა და რესპუბლიკელების ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება გაამწვავა.
შტატის დედაქალაქში სიტყვით გამოსვლისას, სეშენსმა კალიფორნია დაადანაშაულა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ ფედერალური საიმიგრაციო მიმართულებით ადმინისტრაციის ძალისხმევას. სეშენსმა პირობა დადო, რომ წერტილს დაუსვამდა შტატის დაუმორჩილებლობას.
ბრაუნმა გენერალური პროკურორის კალიფორნიაში ვიზიტს პოლიტიკური ტრიუკი უწოდა, ხოლო შტატის კანონებზე მის შეხედულებას – სიცრუე.
„როგორც უმეტესობა ტრამპის ადმინისტრაციაში, გენერალური პროკურორიც უგულებელყოფს სიმართლეს“, – ბრაუნმა დაამატა, რომ შტატში მოქმედი ყველა კანონი გამოცდილია და კალიფორნიის პოლიციის უფროსების მიერ მხარდაჭერილი.
ოქტომბერში ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პოლიციის მხრიდან იმიგრაციის სტატუსის შესახებ გამოკითხვას კრძალავს და ზღუდავს თანამშრომლობას სამართალდამცავ უწყებებსა და საიმიგრაციო ოფიცრებს შორის.