კალიფორნიელი მაღალჩინოსნები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
კალიფორნიელი მაღალჩინოსნები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

კალიფორნიელი მაღალჩინოსნები აშშ-ის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. ამის შესახებ შტატის მთავარმა პროკურორმა ხავიერ ბეკერამ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მალე ვიქნებით მზად. მხოლოდ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტი უნდა წავიკითხოთ. ამ გზით ჩვენ გავარკვევთ, რამდენად ზრდის დოკუმენტი პრეზიდენტის ძალაუფლებას,“ – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა 15 თებერვალს ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებაა. აღნიშნულ პროექტს დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. ბიუჯეტში სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ 1,4 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. დონალდ ტრამპი კი კედლის აშენებისთვის 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საგანგებო უფლებამოსილება მიენიჭება. ამ გზით დონალდ ტრამპი საზღვარზე ფიზიკური ბარიერის მშენებლობას კონგრესის გვერდის ავლით მოახერხებს. ამისთვის საჭირო თანხის მოძიებას თეთრი სახლის ლიდერი სახაზინო დეპარტამენტის და პენტაგონის პროგრამებიდან შეძლებს.