კალათბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საფრანგეთთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდა და 49:74 დამარცხდა.
ანგარიშში სხვაობა სოლიდურია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდში სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო. 25 წუთის განმავლობაში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში კი ფრანგებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს.
ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ მათე ხატიაშვილი გადასცდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, 8-8 ქულა ჰქონდათ მათე ყავლაშვილსა და გიორგი დოხნაძეს. საფრანგეთის ნაკრებშიც ერთადერთმა მოთამაშემ შეძლო 10-ზე მეტი ქულის მოგროვება: 13 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა კამერონ ჰოუნიდოს.
ხვალ, 10 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენია იქნება. მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ყველა გუნდი პლეი ოფში (მერვედფინალში) გადაინაცვლებს. A ჯგუფი ჯვარედინად B-ს დაუწყვილდება, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მერვედფინალში ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი ან იტალია იქნება.
მერვედფინალი თუ მოიგო, საქართველო A დივიზიონში დარჩენის საკითხს დადებითად გადაწვეტს, თუ არადა, როგორც ყველა ასაკობრივ ტურნირზე, აქაც ყველა ადგილი გათამაშდება, სადაც რვეულს მიღმა დარჩენილი 8 გუნდის მიზანი 5 საუკეთესოში მოხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის 3 უარესი შედეგის მქონე ნაკრები B დივიზიონში ჩაინაცვლებს.