კალათბურთელთა განვითარების ლიგა - გიორგი ცინცაძის 32 ქულა „მგზავრებს“ პლეი ოფისთვის არ ეყო
კალათბურთელთა განვითარების ლიგა - გიორგი ცინცაძის 32 ქულა „მგზავრებს“ პლეი ოფისთვის არ ეყო

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში რეგულარული ეტაპი დასრულდა. პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. „ა“ ჯგუფში პირველადგილოსანი ერთი დღით ადრე გაირკვა. ეს იყო „ცხუმ-აფხაზეთი“. მეორე გამსვლელი პოზიციისთვის კი „ვერა“, „ქუთაისი“ და „ტიტები“ იბრძოდნენ. ბოლო ტურში ვერელებმა „ცხუმ-აფხაზეთთან“ დათმეს, ხოლო „ქუთაისმა“ უშუალო კონკურენტი, „ტიტები“ დაამარცხა და ნახევარფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

„ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი სამ გუნდს ჰქონდა („დინამო“, „მგზავრები“, „ოლიმპი“), ხოლო მეორეზე და პლეი ოფში თამაშის შანსი „რუსთავს“ გააჩნდა. თუმცა ბოლო ტურში ქვემოქართლელებმა „ოლიმპთან“ დათმეს, „დინამომ“ – „მგზავრებთან“ და „რუსთავმა“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. „დინამოს“, „მგზავრებსა“, „ოლიმპს“ შორის კი საუკეთესო ორი გუნდი ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-გაშვებული ქულებით გაირკვა. უკეთესი შეფარდება დინამოელებს აღმოაჩნდათ, ხოლო მეორე „ოლიმპი“ იყო. გიორგი ცინცაძის მეტად სიმპათიური „მგზავრები“ პლეი ოფს მიღმა აღმოჩნდა.

1/2 ფინალი
25 აგვისტო
17:00 ცხუმ/აფხაზეთი-ოლიმპი
19:00 დინამო-ქუთაისი

ა ჯგუფი

ქუთაისი-ტიტები 85:67

პლეი ოფში გამსვლელი მეორე საგზურისთვის სწორედ „ქუთაისი“ და „ტიტები“ იბრძოდნენ. მატჩის ბედი მეორე პერიოდში გადაწყდა, რომელიც იმერულმა კლუბმა 23:11 მოიგო და დარჩენილ დროში დიდი მცდელობის მიუხედავად „ტიტებმა“ თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო.

მატჩის ბომბარდირი ქუთაისელი ნიკოლოზ სოსელია გახდა, რომელმაც 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა ვლადიმერ ალავიძემაც 9 მოხსნა ჩაიწერა, რასაც 16 ქულა მიამატა. ლუკა მაზიაშვილმა მატჩი 15 ქულით დაასრულა.

„ტიტებში“ 10 ქულას ერთადერთი კალათბურთელი ასცდა – სანდრო ჯორბენაძე 21 ქულამდე ავიდა.

ცხუმ/აფხაზეთი-ვერა 75:65

ამ მატჩშიც მეორე ათწუთეული აღმოჩნდა გადამწყვეტი. ცხუმელებმა ის შედეგიანად ჩაატარეს – 30:16 მოიგეს. მართალია, მეოთხე რაუნდში „ვერამ“ ძალიან მოინდომა, მაგრამ „აფხაზეთი“ კვლავაც რჩება ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად.
მას გამარჯვებაში გამოცდილი გამთამაშებელი ლევან გოგალაძე და ფორვარდი ზურაბ მაჩალაძე დაეხმარნენ. პირველმა 17 ქულა, 4 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა, მეორემ 16 ქულა და 8 მოხსნა.

„ვერაში“ საუკეთესო იყო გამთამაშებელი სანდრო ზანდუკელი, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 16 ქულით დაასრულა.

ა ჯგუფი

გუნდი
1. ცხუმ-აფხაზეთი 4 0 8
2. ქუთაისი 2 2 6
3. ტიტები 2 2 6
4. კაკტუსი 1 3 5
5. ვერა 1 3 5

 

ბ ჯგუფი

ბათუმი-თსუ 83:87

ბათუმელებსა და სტუდენტებს პლეი ოფში ვერგასვლა წინასწარ ჰქონდათ გარკვეული. თუმცა განვითარების ლიგა ის ტურნირია, სადაც ნებისმიერი თამაში, ნებისმიერი ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ფასეულია. აუტსაიდერებმა იბრძოლეს და საბოლოოდ თსუ-მ იმარჯვა.

ბათუმელმა ლუკა გიორგაძემ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, 18 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მისი კარგი გარჯა მობას არ ეყო.

29 ქულითა და 10 მოხსნით თსუ-ს არჩილ პულუზაშვილმა ულიდერა.

მგზავრები-დინამო 92:89

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განვითარების ლიგაში საქართველოს ნაკრების გამოცდილი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის თამაში მეტად სასარგებლო იყო როგორც მისთვის, ისე მეტოქეებისთვისა და ზოგადი სურათის შესაქმნელად…
ხუთთვიანი უქმობის შემდეგ გიორგის სჭირდებოდა სათამაშო კონდიციებში ჩადგომა, ხოლო მასთან პაექრობა ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის დიდი გამოწვევა იყო.

უშუალო კონკურენტ „დინამოსთან“ ბრძოლაში ცინცაძემ 32 ქულა, 8 პასი მოაგროვა და „მგზავრებს“ 92:89 გაამარჯვებინა. დინამოელთაგან კი ყველაზე მეტი, 24 ქულა ნიკა დარბაიძემ მოაგროვა.

ოლიმპი-რუსთავი 79:71

„დინამოს“ მძლეველი „მგზავრები“ მომდევნო მატჩში „რუსთავს“ ქომაგობდნენ. ქვემოქართლელებს „ოლიმპისთვის“ რომ მოეგოთ, მომდევნო ეტაპზე სწორედ მგზავრები გავიდოდნენ, თუმცა „ოლიმპმა“ ეს მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა, „რუსთავი“ 79:71 დაამარცხა და პლეი ოფის საგზურიც არავის დაუთმო.

„ოლიმპში“ შეუჩერებელი იყო ლუკა კალატოზიშვილი – 22 ქულა, 16 მოხსნა. კიდევ ერთი ორმაგი დუბლი რუსთაველმა ანზორ ნადირაძემ შეასრულა – 14 ქულა, 10 მოხსნა. 19 ქულა ჰქონდა თემურ მურჯიკნელს, ხოლო 17 – ირაკლი სულხანიშვილს.

ბ ჯგუფი

გუნდი
1. დინამო 4 1 9
2. ოლიმპი 4 1 9
3. მგზავრები 4 1 9
4. რუსთავი 2 3 7
5. თსუ 1 4 6
6. ბათუმი 0 5 5